მაძიებელთა უმრავლესობას აქვს რომანტიული წარმოდგენა სულიერებაზე. მათ მიამიტურად მიაჩნიათ, რომ სულიერი გზა არის დასვენება, სიმშვიდე, ნეტარება და პასუხისმგებლობისაგან განთავისუფლება.
ამ ფანტაზიებით აღჭურვილნი ისინი ეძებენ ვინმე „მასწავლებელს“ ვინც მათ წაიყვანს სულიერ გზაზე, ასწავლის და გაწვრთნის.
ეს ძიება მიდის ათასი რჯულის მატყუარასთან, პლაგიატთან, უსინდისო ადამიანთან, რომლებიც უწყინარი სახით, გულახდილად საუბრობენ სულზე, გზაზე, უხვად გასცემენ დარიგებებს რჩევებს იმ იმედით, რომ მათ მსახიობობას მაინც ვერავინ შეამჩნევს. ბევრი მაძიებლისათვის ასეთი „მასწავლებელი“ მეტად მისაღებია და აქ ჩერდება მათი ძიება, რადგან ეს პოზიცია და „მასწავლებლის“ „რბილი“ რჩევა დარიგებანი მათთვის სავსებით მისაღებია.
შედარებით მცირედნი კვლავ უკმაყოფილონი არიან და განაგრძობენ ძიებას. ადრე თუ გვიან ისინი მიაგნებენ კიდე ბევრ ასეთს და გაუჩნდებათ განცდა, რომ რეალური სწავლა და მასწავლებელი არც არსებობს. ამას მოაქვს გულაცრუება და მათი უმეტესობა უშედეგო დიდი ხნის ძიების შედეგად ნებდება.
მაგრამ რჩება ერთეული, ერთი ან ორი ინდივიდი ვინც მიუხედავად ამდენწლიანი ძიებისა და გულაცრუებისა მაინც არ ნებდება. კიდევ გავა საკმაო დრო ვიდრე ეს უკანასკნელნი შეხვდებიან მომდევნო მასწავლებელს, რომელიც შეხვედრის წუთიდანვე გამოიწვევს ორაზროვან განცდებს.
ერთის მხრივ ყველაფერი ისევეა თითქოს, როგორც სხვაგან, მაგრამ მეორეს მხრივ მასწავლებელი მის წინაშე აყენებს კატეგორიულ მოთხოვნებს და ითხოვს მათ უმკაცრეს დაცვას. ისინი დაუყოვნებლივ დგებიან უმკაცრესი მოთხოვნების წინაშე, რომლებიც ან უნდა დაიცვან, ან უნდა დატოვონ იქაურობა. ეს მათთვის მოულოდნელია და ახალი, რადგან აქამდე ხომ ყველა ზედ ევლებოდა მათ, ოღონდ კი თავი არ დაენებებინათ „მასწავლებლისათვის“, ეხლა კი თავიდანვე ამხელა მოთხოვნა და უკომპრომისო მიდგომა.
მაძიებელი გრძნობს, რომ უკანდასახევ გზას უჭრიან და არჩევანის წინაშე აყენებენ. მან უნდა აირჩიოს ან ძველი, ჩვეული ცხოვრება ან ახალი, კატეგორიული, სიწმინდეზე დაფუძნებული ცხოვრების სუფთა წესი. აქ უკვე მის პიროვნებას არავინ ეთაყვანება და ეხვეწება შეიცვალოს, არამედ პირდაპირ წაეყენება ულტიმატუმი.
და აი ამ ეტაპზე, ამ უკანასკნელ მაძიებელთაგან რომლებიც ჯერ კიდევ შემორჩა ძიების გზას, უმეტესობა ზურგს აქცევს ასეთი დამოკიდებულების გამო ამ მასწავლებელსაც და გზასაც და განაგრძობს ძებნას მისთვის უფრო კომფორტული სწავლების და „მასწავლებლის“. როგორც ცხოვრების ბოლოს ისინი აღმოაჩენენ, ეს იყო მათი საბედისწერო შეცდომა. რადგან სხვა ნამდვილ მასწავლებელს ვეღარასოდეს შეხვდებიან ამ ცხოვრებაში.
მასწავლებელთან რჩება მხოლოდ ერთი ან ორი გამორჩეული, ისინი მზად არიან დათმონ თავიანთი ძველი, დრომოჭმული, სულთან შეუსაბამობაში მყოფი ცხოვრება და მზად არიან დაიცვან სუფთა უმწიკვლო წესი, რომელიც მართალია უმკაცრესია მაგრამ საჭირო.
ამ ორიდან სინამდვილეში მხოლოდ ერთია მზად ან მოკვდეს ან დაიცვას უმწიკვლო ცხოვრების პირობა, მეორე კი ჩათვლის, რომ მას ისედაც შეუძლია შედეგების დადება, რომ ძლიერია, ნიჭიერია და ისედაც გამოუვა. ამიტომ რაღაც რაღაცეებს არ დათმობს, კვებაში, ცხოვრების წესში, საქციელში, მსოფლმხედველობაში.
აქ იყოფა ამ ორი მაძიებლის ბედი. ერთი მათგანი ხდება სულ უფრო სუფთა, უმწიკვლო, ნათელი, შემოქმედი, მტკიცე, მიზანმიმართული, მისი რწმენა ფოლადივითაა, მეორე კი შედის კრიზისში, ღრმავდება მისი ეჭვები, ეჩვენება რომ ატყუებენ, მისით მანიპულირებენ, რომ აიძულებენ იცხოვროს არა ისე როგორც თავად სურს, რომ ძალადობენ მის თავისუფალ ნებაზე, რადგან მას სურს ამ ცხოვრების სიამოვნებაც და სულიც. ამავე დროს ესმის საკუთარი არასწორი არჩევანისა და დაშვებების არსი და განიცდის დანაშაულის გრძნობას სულის მიმართ, რადგან იცის სწორი გზა მაგრამ ირჩევს არასწორს. ეს მეტად არაკომფორტულია მისთვის და აღარ იცის რა ქნას. იწყებს დამნაშავის ძიებას, ვინ ჩააგდო იგი ასეთ დღეში?
და აი აქ ადვილად პოულობს დამნაშავეს – მასწავლებელს!
მასწავლებელს რომელმაც შეიყვანა ამ კრიზისში და გამოუვალ მდგომარეობაში. ის აგებს მთელ თეორიას, რომ მისი მასწავლებელი შავია, შავი მაგია, თავიდანვე არ მოეწონა, ისე არ ექცევა როგორც სხვები, ნაზად, გამგებიანად ცოდვების მიმართ, არ აძლევს ელემენტარული მატერიით ტკბობის უფლებასაც კი. ის ტოვებს მასწავლებელს და ხდება მისი პირადი მტერი, სიტყვით, ხანდახან კი საქმითაც.
ხოლო მასწავლებელთან რჩება რჩეული, ის ვინც აირჩია სული ერთმნიშვნელოვნად, უკანმოუხედავად, მტკიცედ. და ეს არის მისი გზის დასაწყისი. ასე იქმნება რჩეული. ეს უკანასკნელი იმდენად სუფთად ცხოვრობს, რომ იძენს ელვისებური გარჩევის უნარს, ეგრევე ხვდება და ხედავს უმნიშვნელო სიბნელესაც კი. ამიტომ მისი მოტყუება უკვე შეუძლებელია. ის ხედავს უთვალავ ფსევდო „მასწავლებელს“ და ღმერთს მადლობას სწირავს, რომ იპოვა ამ თივის ზვინში ერთადერი ნამდვილი.
ხოლო მეორე მაძიებელი, რომელმაც ვერ აჯობა მატერიალურ მიდრეკილებებსა და სიამოვნებებს, ირჩევს ფსევდო მასწავლებლის გზას. ის გამოდის ღია ფართო ასპარეზზე, იწყებს ქდაგებას. მასწავლებელთან ნასწავლის(რისი მოსმენაც შეძლო ვიდრე დატოვებდა) პლაგიატირებას და ამ ბრძული იდეებით იზიდავს მიამიტ მაძიებლებს, აცხადებს რა თავს მცოდნედ და გამოცდილად. როდესაც მას უსვავენ კითხვას მის ნამდვილ მასწავლებელზე, ის არ იშურებს უამრავ ტყუილს, რათა აჩვენოს მოსწავლეებს, რომ სინამდვილეში მათი კითხვის ადრესატი შავია, ბნელია, აკლია ეს და ეს, ვერ შეძლო ესა და ეს, მოძალადეა. ამას თან ურთავს აქცენტს მასწავლებლის სიმკაცრეზე, რომელსაც უხეშობად ასაღებს, ხოლო მასწავლებლის მიერ წმინდა, ასკეტური ცხოვრების უმკაცრეს მოთხოვნას კი ხსნის მასწავლებლის არაკომპეტენტურობით და მისი გულის ცენტრის გაუხსნელობით.
ასე, ერთ დროს პერსპექტიული მაძიებელი, რომელიც ლამის რჩეულიც კი გახდა, ხდება კიდევ ერთი ცრუ „მასწავლებლი“, ემსახურება რა ამ არჩევანით სიბნელეს, პლაგიატს, ქაოსს. მას უერთდებიან ასეთივე პოზიციაში მდგომი სხვა ვაი მაძიებლები და ერთიანად ორკესტრირებულად ირიბად თუ პირდაპირ ლანძღავენ მასწავლებელს.
ეს ყოველივე მიდის მაძიებელთა დიდ არმიამდე და რადგან მათ არ გააჩნიათ გარჩევის უნარი, ისინი ხშირად ირჩევენ ლამაზად მოსაუბრე, „გულახდილ“ ფსევდო „მასწავლებელს“ .
დისკუსია ამის შესახებ post