სიყვარული ყველაფერს კურნავს და აღადგენს, ყველა პრობლემას თავისთავად აგვარებს.
ყველაფერი რომ სიყვარულზეა დამოკიდებული, დიდი ხანია ყოველდღიურად პირადად ვრწმუნდები.
(ჩემი პრაქტიკული გამოცდილება, სიყვარულის პატარა სასწაულები, შედეგები რომელიც სიყვარულის სწავლამ გამოიწვია, წინა პოსტით უკვე გაგიზიარეთ.)
სანამ წიგნი – „შეხვედრები წმინდანებთან-სიყვარულის პრაქტიკა“ გამოვიდოდა და ამ უნიკალურ ცოდნას უშუალოდ წიგნის ფორმით ერთიანად ვეზიარებოდი, მანამდე სიყვარულს პირადად ოლმეკისგან ვსწავლობდი. ამ წიგნს დიდი ხანი ველოდი, ამიტომ მისი დანახვა და წაკითხვა ჩემთვის ნამდვილი დღე-სასწაული იყო.
წიგნმა კიდევ უფრო გააღრმავა და განამტკიცა ცოდნა რომელსაც ოლმეკისგან ვფლობდი და პრაქტიკა კიდევ უფრო გამიმარტივდა. პირველად, თვალი და გული უბრალოდ ვერ მოვწყვიტე და ასე ვთქვათ ერთი ამოსუნთქვით წავიკითხე იმდენად ახლოს იყო ჩემთან ყოველი წინადადება.
კითხვის პროცესში ამ წმინდანებს თავადაც ხედავ, გრძნობ, ეხები, მოქმედებ მათთან ერთად, გიყვარს მათთან ერთად, მათთან ერთად ლივლივებ სიყვარულის ენერგიებში, ეზიარები წარმოუდგენლად მაღალ ვიბრაციებს და ყოველ სუნთქვაში ემადლიერები ამ ზეადამიანებს, სასწაულებრივი ცოდნის გაზიარებისთვის. ემადლიერები თავად წიგნის ავტორს, წლების განმავლობაში ნანატრი სიბრძნის შენამდე მოღწევისთვის. კითხულობ და არ გინდა დასრულდეს ეს მართლაც საოცარი თავგადასავალი. გინდა იყო მუდამ სიყვარულში – ღმერთთან ერთად. გსურს ამ წმინდანებთან დარჩე, იყო სიყვარულის სინათლეში აწ და მარადის.
კითხულობ და ზოგჯერ ინტუიციურად გრძნობ რომ თავადაც იცნობდი მათ ოდესღაც, სადღაც ღრმა წარსულში.
ზოგჯერ მათი უცნაური მონატრებაც შემოგაწვება როცა ამ ნაცნობობის უკვე რაღაც პაწაწუნა დეტალს გაიხსენებ სიყვარულის დაგროვების შედეგად…
წიგნი გმოსავს სიყვარულის თბილი სხივებით და უბრალოდ ვერ წყდები, ყოველ ჯერზე, თითოეული გვედრის წაკითხვისას უფრო მეტად ხდები განმსჭვალული იმ ამაღლებული ცოდნით, რომლის სიკაშკაშეც გიხელს თვალს და “გაიძულებს” აღარასოდეს დაიძინო, აღარასოდეს დაუბრუნდე სიბნელეს და მუდამ იბრწყინო – ანათო როგორც ღმერთის საყვარელ შვილს შეშვენის.
ამ წიგნით ყველას შეუძლია სიყვარულის შესახებ იესოს გზავნილი მიიღოს და დანერგოს ყოველდღიურ ცხოვრებაში.
წაიკითხოს და გამოიყენოს, ისწავლოს გულმოდგინედ და გააზიაროს უპირობო ღვთიური სიყვარული, როგორც ამას თავად იესო აკეთებს.
ეს წიგნი დაგანახებთ ყველა იმ სიკეთეს, რაც თავისთავად მოვა შენამდე თუ შინაგანად სწორ – სიყვარულის მდგომარეობაში იმყოფები.
ეს წიგნი არის უბრალოდ შეუფასებელი საგანძური,სასწაულებრივი სინათლე, მრომელიც ეფინება და მოსავს ყველა მკითხველს.
ვისაც ღვთიური, უპირობო სიყვარული განუცდია, მან იცის რა არის ნამდვილი, გულითადი სიხარული, იცის რომ სწორედ ღვთიური თანდასწრებით ცხოვრებაშია ჭეშმარიტი, მარადიული ბედნიერება და რომ ყოველგვარი კეთილდღეობა მხოლოდ ღმერთთან ერთად, სიყვარულით მიიღწევა.
სიყვარულის წარმოებით ღმერთზე მინდობილს, აღარაფრის გეშინია რადგან ზუსტად იცი ყველაფერი ისე იქნება, როგორც უნდა იყოს უფლის ნებით, ამიტომ სიმშვიდე ისადგურებს შენში.
წიგნში გარკვევით წერია ყველაფერი – როგორ ვისწავლოთ სიყვარული, რატომ არის საჭირო მისი სწავლა, რა ცვლილებები მიმდინარეობს შენში და შენს გარშემო სიყვარულის ინტენსიური განცდის შედეგად, როგორ იცვლება ყველაფერი რასაც სიყვარული ეხება და ა.შ.
წიგნში არის პასუხები თქვენთვის ყველაზე საჭირო კითხვებზე. მასში ყველაფერი ერთადაა თავმოყრილი რასაც სიყვარულთან დაკავშირებით წლები ვსწავლობდი.
სინათლე, რომელსაც წიგნის პრაქტიკული გამოყენება მოგანიჭებთ, სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია ყოველი ჩვენგანისთვის, ყველა ადამიანისთვის, ყოველი არსებისთვის, მთელი სამყაროსათვის, რამეთუ „სიყვარული არის გზა, სიცოცხლე და ჭეშმარიტება“.
გამოიყენეთ იესოს ძვირფასი საჩუქარი ამ წიგნის სახით, ამ გამოცდილებას სხვაგან ვერ ნახავთ.
შენი გული და გონება ერთ სიმღერას უნდა მღეროდნენ – სიყვარულის ჰარმონიულ, ღვთაებრივ სიმღერას. ამ სიმღერის სწავლა შეუძლია ყველას, მათაც კი ვისაც გონია ნიჭი არ აქვს. აქ მთავარი მხოლოდ ერთია – რამდენად დიდია სწავლის სურვილი.
უღრმესი მადლობა ყველას, ვინც ეს წიგნი წაიკითხა, დაიწყო სიყვარულის შესწავლა და გაზიარება.
დისკუსია ამის შესახებ post