მსურს შეძლებისდაგვარად მოკლედ გაგიზიაროთ ჩემი სულიერი გამოცდილება, სიყვარულის პრაქტიკის შედეგები. მაინც დიდი ტექსტი გამომივიდა , მაგრამ თუ წაიკითხავთ ვფიქრობ გამოგადგებათ.
ამ და სხვა სულიერ გამოცდილებებს, ვრცლად და დეტალურად აღვწერ ჩემს წიგნში – “ჩემი გზა სინათლისაკენ”
(წიგნს დიდი დრო ჭირდება, მზად
როდის იქნება ჯერ არ ვიცი).
ყოველგვარი გადაჭარბების გარეშე, ჩემი ცხოვრება ორად იყოფა – ოლმეკის გაცნობამდე და შემდეგ . თუ რატომ, თავად მიხვდებით:
სანამ ოლმეკს გავიცნობდი, სანამ სიყვარულის სწავლას დავიწყებდი, ყველა მიმართულებით პრობლემა მქონდა, რადგან პრობლემა თავად ვიყავი – ჩემი შინაგანი მდგომარეობა, ჩემი აზრები, გრძნობები, წარმოდგენები ქმნიდა პრობლემას.
შედეგად, კომპანიაში სადაც მაშინ ვმუშაობდი გახშირდა უთანხმოება, დაიძაბა ურთიერთობები განსაკუთრებით ოჯახის წევრებთან. წლების განმავლობაში დაგროვდა ვალები, ვერ ვხედავდი საკუთარ მომავალს, ის თითქოს აღარ არსებობდა, არ ვიცოდი რა მექნა, რა იყო ჩემი გზა, ჩემი საკეთებელი ამ ცხოვრებაში, სადღაც სიბნელეში ვიძირებოდი, ემოციები ჩემზე ბატონობდნენ, იყო დეპრესიული პერიოდები, აღარაფერი მინდოდა და არაფერი მაბედნიერებდა იმდენად არეული და გაორებული ვიყავი.
იმ კომპანიიდან წამოსვლის შემდეგ მუაშაობის სურვილიც არ მქონდა…
საკუთარ თავს ვეძებდი….
სიმშვიდეს ვეძებდი…
სიყვარულს ვეძებდი…
ვეძებდი ცოდნას და პრაქტიკებს რომელიც დამეხმარებოდა,
კითხვებზე პასუხებს მაპოვნინებდა…
ვეძებდი საინტერესო, ჭკვიან ადამიანებს ვისგანაც ვისწავლიდი, ვინც
გამოსავალი იცოდა და მეც გამიზიარებდა…
ვეძებდი და ვიპოვე.
ერთ მართლაც მშვენიერ დღეს,
მეგობარმა გამომიგზავნა ოლმეკის საიტი და როცა ის წავიკითხე, რთულია იმის აღწერა რა ვიგრძენი…უბრალოდ დარწმუნებული ვიყავი რომ ყველაფრის გასაღებს მივაგენი და ეს ზუსტად ის იყო საითაც მთელი ცხოვრება ეტაპობრივად მივდიოდი, რაც უნდა მეპოვა აუცილებლად.
დავიწყე სიყვარულის პრაქტიკა.
თავიდან არ იყო მარტივი, მალევე არ გამომდიოდა სიყვარულის გრძნობის გამოწვევა, არც მქონდა იმხელა ენერგია რომ დიდხანს მეკეთებინა, მაგრამ მაინც ვაკეთებდი რამდენიც შემეძლო, როგორც შემეძლო, რადგან სხვა გამოსავალი არ მქონდა.
კვებაც მოვაწესრიგე და
თანდათან უფრო მეტად მომწონდა ეს პრაქტიკა.
შედეგად, სიცოცხლის სურვილი დამიბრუნდა, მარტივად ვიშოვე ახალი სამსახური, წლების ნაგროვი ვალები რამდენიმე თვეში დავფარე და შვებით ამოვისუნთქე, შედარებით დალაგდა ურთიერთობებიც.
მოულოდნელად, ახლობელმა თავისთან შემომთავაზა ცხოვრება, რაც იმ დროს ძალიან მჭირდებოდა.
ვნახე სიყვარული მუშაობდა და გადავწყვიტე ამ გზისთვის დამეთმო მეტი დრო და სამსახურს შევეშვი, აღარ მაინტერესებდა, ვიცოდი რაღაც უფრო მეტი ვიპოვე.
თანდათან დავინახე რომ თუ სიყვარულს მეტ დროს და ენერგიას დავუთმობდი არაფერი მომაკლდებოდა.
დარბაზში ოლმეკის პირადად გაცნობის შემდეგ, რამდენიმე თვეში უკვე ზუსტად ვიცოდი რომ ამ გზაზე მინდოდა სიარული,მინდოდა მისგან მეტი მესწავლა და პრაქტიკებში გადავეშვი.
(სიყვარული, სიზმრახილვა, მაგიური პასები და სხვა)
მაგრამ ეს ძალიან რთული გზა აღმოჩნდა, არა ისეთი ზღაპრულად ლამაზი და რომანტიკული როგორც მეგონა (ბევრს გონია თავიდან ასე), უამრავი წინააღმდეგობის გადალახვა მომიწია.
ამ ქვეყნიურს ყველაფერს ჩამოვშორდი და რადგან საჭირო ოდენობის სიყვარული არ მქონდა, ამან უკმაყოფილება გამოიწვია შიგნით და გარეთ.
ბევრჯერ მიფიქრია უკან დაბრუნებაზეც, მაგრამ ჩვეულებრივი ცხოვრებაც აღარ მაინტერესებდა ,აღარც შემეძლო, არც ადრე და მერე მითუმეტეს.
ამის შემდეგ, თითქმის ერთი წელი დამჭირდა მერწმუნა სიყვარულის იმდენად, რომ აღარ მეფიქრა სამსახურის დაწყება-არ დაწყების აუცილებლობაზე.
რაც უფრო მეტ პრაქტიკას ვაკეთებდი, მით უფრო ვრწმუნდებოდი რამდენად მძლავრი იყო ის და რამდენად
სწორი იყო ჩემი არჩევანი.
(ეს იმას არ ნიშნავს რომ ყველამ უნდა მიატოვოს სამსახური, მე მხოლოდ ჩემს სურვილსა და არჩევანს ვაჟღერებ)
რაც შეეხება ამის შემდგომ სიყვარულის უფრო დიდ შედეგებს:
წლებია აღარ ვმუშაობ, ვცხოვრობ საუთარ ბინაში, ფინანსები მაინც მოდის თავისთავად, სხვადასხვა ფორმით, მოდის იმდენი რამდენიც მჭირდება და რამდენის შესაძლებლობასაც მაძლევს ჩემი დაგროვილი სიყვარული.
ზოგიერთი ადამიანი უბრალოდ მეუბნება”არ ვიცი ახლა რატომ,ასე რატომ, უბრალოდ მინდოდა ამის გაკეთება”…
ადამიანებს უბრალოდ უნდათ გასცენ თქვენთვის და რატომ, ზოგჯერ ვერც ხვდებიან.
მიზეზი მე ვიცი – ეს სიყვარულია.
ურთიერთობები დალაგდა, ოჯახთანაც სიმშვიდეა,.
ზოგჯერ ოჯახის წევრსაც უთქვამს, რაღაც სხვანაირი ხარ თითქოს ანათებ, რა ხდება შენს თავს, შეყვარებული ხომ არ ხარ?
ამაზე მეცინება და გულში ვფიქრობ, რა თქმა უნდა ვარ – მიყვარს სიყვარული
ისე არ გაიგოთ, თითქოს ამ გზაზე ყოველთვის ყველაფერი კარგადაა, თითქოს სულ აღმაფრენა სიხარული და სიმშვიდეა – არა, ასე არ არის.
ეს ურთულესი გზაა და უდიდესი პასუხისმგებლობა.
შინაგანი მტერი, რომელიც სიყვარულის დავიწყებაზე ყოველწამიერად აქტიურად ზრუნავს, ისევ აქ არის, შეიძლება ითქვას მინი ჯოჯოხეთია ეს სამყარო და კარმაც არ გვაძლევს მოდუნების შესაძლებლობას,
სულ შინაგანი ბრძოლებია, გამოცდებია რათა მეტი სიყვარული ვისწავლოთ, გადავწიოთ საკუთარი საზღვრები.
არის აღმავალი და დაღმავალი პერიოდები მაგრამ არ ვნებდები!
ვაგრძელებდი რა პრაქტიკებს, სიზმრებიც რადიკალურად შეიცვალა.
ისინი მეტად ღრმა, საინტერესო და სუფთა გახდა.
სიყვარულის შემცველი სიზმრები გახშირდა,ღამით ეთერულ პლანზეც გავცემდი სიყვარულს უცნობი თუ ნაცნობი ადამიანების მიმართ როგორც გაცნობიერებულ, ისე გაუცნობიერებელ სიზმრებში.
გავცემდი და ვიღებდი კიდეც მომენტალურად. სიყვარულმა ქვეცნობიერშიც შეაღწია.
სიყვარულის პრაქტიკის შედეგად ასევე ხშირად მესიზმრებოდა ანთებული სანთლები, ხატები, ეკლესიები, ადამიანები და არსებები რომლებიც მფარველობდნენ, წმინდანების ქანდაკებები, დიდი განათებული ჯვრები მათ შორის ცეცხლ მოკიდებული ჯვარი…
და რა თქმა უნდა იესო.
იესო რამდენჯერმე ვნახე, მაგრამ ყველაზე შთამბეჭდავი ბოლო სიზმარი იყო როცა ის მარჯვენა ხელით თავზე შემეხო…..
ეს იყო ენით აღუწერელი გამოცდილება,
ვისაც ეს გამოუცდია მხოლოდ ის მიხვდება ასეთ მომენტში რამხელა სიყვარულს ეხები, რამხელა სიყვარულს განიცდი და ეზიარები.
სიყვარულის გაძლიერებული პრაქტიკისას, როცა დღე არ გადიოდა უსიყვარულოდ თვეების მანძილზე, წამოვიდა წინა ცხოვრებების ფრაგმენტები. იყო პერიოდი როცა დღეები გადაბმულად მახსენდებოდა პატარა ფრაგმენტები ჩემი სხვადასხვა ცხოვრებიდან, სხვა ინკარნაციებიდან. ამ დროს ჩემს სიხარულს საზღვარი არ ქონდა.
აქედან გამომდინარე ნათელი მოეფინა თუ რატომ მქონდა კონკრეტულ ადამიანებთან მიმართებაში ასეთი გრძნობები, ასეთი ურთიერთობები…
გაირკვა ოლმეკთან და სხვა ჯგუფელებთან წარსულში კავშირის მცირე დეტალებიც.
წმინდა ბარბარეზეც ვნახე მაგრამ ამ და ბევრ მსგავს ხილვაზე სიყვარული არ მეყო სათანადოდ აღმედგინა მეხსიერება და გადმომეტანა.
იყო ისეთი სიზმრები, ისეთი ხილვები და გამოცდილებები, ვნახე ისეთი არსებები, მქონდა ისეთი თავგადასავლები რასაც ვერასდროს წარმოვიდგენდი, წლების წინ ვერც კი ვიფიქრებდი თუ ასეთი რამ შესაძლებელი იყო…
არაერთხელ მოვხვედრილვარ და მისწავლია ბუდჰის პლანზე აშრამშიც, თუმცა მხოლოდ პატარ-პატარა ნაწყვეტები მახსოვდა არასრულყოფილი პრაქტიკის გამო.
მაგალითად, მესიზმრებოდა ახლობლების გარდაცვალება და მართლაც ხდებოდა. ეს ხშირად ძალიან მტკივნეული იყო…
თავიდან მეგონა რაღაც საოცრებებს ვაკეთებდი და ვხედავდი სიზმრებში, მაგრამ გამოცდილებასთან ერთად მივხვდი, რომ სიზმარხილვის პრაქტიკოსი ხედავს და რაც მთავარია უბრალოდ ახსოვს ის მოვლენები, რაც ისედაც ხდება ეთერულ პლანზე, მერე კი ვლინდება აქ – ჯერ იქ ხდება რაც მოსახდენია, მერე აქ ვლინდება, შესაბამისად ესეც ჩვეულებრივი ამბავია, პრაქტიკოსს ეს უბრალოდ ახსოვს, ამჩნევს, ამიტომ აღარ უკვირს, ილუზიებში არ ვარდება და ეგოზეც არ მოქმედებს რადგან სიყვარულიდან გამომდინარე სწორი ორიენტაცია აქვს, ზუსტად იცის რას რატომ აკეთებს.
აგრეთვე ვნახე ჩემს მიერ შემპყრობლის განდევნაც, ერთი-ორი სიზმარი ამ თემაზე.
იყო პატარ-პატარა გმირობები და ა.შ.
სიყვარულის პრაქტიკის შედეგად ქრისტეს ცნობიერებას უახლოვდები და ეზიარები.
ოლმეკმა რომ დაწერა კომენტარის სახით შედეგები რაც სიყვარულის მატებას ახლავს, მეც ვადასტურებ, ნამდვილად ასეა, ეგ ყველაფერი მეც გამომიცდია.
სიყვარულით მიღწეულ ამაღლებულ ცნობიერებას ახლავს სასწაული მდგომარეობა – აღარ გეშინია. ყველაფერი რომ ინგრეოდეს გარეთ, იმდენად გჯერა სიყვარულის(ღმერთის) რომ ნერვიც არ გიტოკავს. სიყვარული რომც შეამცირო, მერე რაც არ უნდა გაგიჭირდეს ზუსტად იცი რომ ეს პრაქტიკა, სიყვარულის უპირობო განცდა კვლავ დაგეხმარება ნებისმიერ დროს, ნებისმიერ ვითარებაში და გამოასწორებს მდგომარეობას. იცი ყველაფერს შეძლებ რასაც მოინდომებ.
სიყვარულის პრაქტიკისას ისეთი განცდა გაქვს თითქოს დრო ქრება – ხედავ რომ ის არც არსებობდა, მოდის ერთიანობის განცდა, ერთიანი ხარ ყველასთან და ყველაფერთან. არანაირი მე და შენ ცალკე არ არსებობს, ერთიანი ხარ – ღმ-ერთიანი.
ერთიანობის გრძნობა როგორ გამოიყურება ვიზუალურად, რას ნიშნავს”ყველანი ერთნი ვართ” ესეც პირადად ვნახე ენერგეტიკული კვერცხის სახით ერთ-ორ ხილვაში.
(ეს დაახლოებით ისეთივე ენერგეტიკული კვერცხი იყო ოლმეკი რომ აღწერს თავის წიგნში”სინათლის სხეულის გეომეტრია”. ამ თემაზეც უფრო ვრცლად ჩემს წიგნში ვისაუბრებ).
სიყვარულის განცდისას მოდის ტოტალური სიმშვიდე და მსუბუქი ნეტარების მდგომარეობა.
წარმოუდგენლად იზრდება ინტუიცია და ისეთ რაღაცეებს გრძნობ, ამჩნევ და ხედავ, რაც სასწაულის კატეგორიაშიც გადის, მაგრამ პრაქტიკოსი ხედავს სამყაროს ბუნებას, ამჩნევს მიზეზ – შედეგობრივ კავშირებს და აქედან გამომდინარე იცის, რომ ეს მოვლენებიც სინამდვილეში ჩვეულებრივი ბუნებრივი პროცესებია და ცნობიერების განსხვავებული მდგომარეობიდან გამომდინარე უბრალოდ თვალი ეხილება და ხედავს იმას რაც ისედაც ხდება მაგრამ დაფარულია, უხილავია ჩვეულებრივი თვალისთვის, ჩვეულებრივი აღქმის მდგომარეობაში.
სიყვარულის დაგროვებისას, უფრო მარტივდება ფიზიკური, მენტალური და ემოციური სხეულების კონტროლი, იზრდება საკუთარი თავის ფლობის ხარისხი.
მინდა გამოვყო ემოციების საკითხი რაც
ყველაზე საყურადღებოა.
ემოციებში უდიდესი ენერგია იხარჯება, ამის დიდი გამოცდილება მაქვს და მის კონტროლში ასევე გადამწყვეტი როლი აქვს სიყვარულს, ამაშიც არაერთხელ დავრწმუნდი.
რომ არა სიყვარული, ემოციებს ვერაფრით გავუმკლავდებოდი, ამაზე დღემდე ვმუშაობ…
(ვრცლად იქნება წიგნში)
სიყვარულის დაგროვებით ძლიერდება ნება და შენი სიტყვა და საქმე – ერთია.
ამჩნევ რომ მიუხედავად ყველაფრისა სამყარო მართლა მშვენიერია და შინაგანი სიხარულის თბილი სიო გელამუნება გულის არეში და მოიცავს მთელს სხეულს.
რაღაც გიხარია, არ იცი რა, არ იცი რატომ მაგრამ გიხარია, უმიზეზოდ გეღიმება და ბედნიერი ხარ ყოველგვარი ლოგიკური მიზეზის გარეშე.
იზრდება ენერგია, სუფთავდება ენერგეტიკა, ფიზიკური სხეული.
იცვლება სახის გამომეტყველება, კანი სუფთა, პიტკინა ხდება, თვალები ბედნიერებისგან ვარსკვლავებივით ციმციმებენ, ჯანმრთელობა უმჯობესდება.
ამ ბოლო წლებში რამდენი მძიმე ვირუსი გამოჩნდა, მაგრამ არცერთი მათგანი არ შემხვედრია, არც გავციებულვარ.
იყო დრო, ისევე როგორც ყველა, მეც ვეძებდი მეორე ნახევარს შინაგანად.
წლების შემდეგ, სიყვარულის პრაქტიკამ საბოლოოდ დამარწმუნა რომ ფიზიკურ მეორე ნახევარს კი არა, მთელი ცხოვრება უმწიკვლო, უპირობო, ღვთიურ სიყვარულს ვეძებდი, თავისუფლებას, საკუთარ თავზე მეუფებას, სიბრძნეს, სიმამაცეს, ღმერთთან ერთიანობას,
ღმ – ერთობას.
ვეძებდი უსაზღვრო ბედნიერებას, ერთგულ მეგობრობას, ურთიერთობებს რომელსაც არ სჭირდება სიტყვები რათა შენი ესმოდეთ.
მეც ვეძებდი რასაც ყველა ასე დაეძებს თუნდაც გაუცნობიერებლად.
ვიპოვე შიგნით და არა გარეთ.
დავრწმუნდი რომ საუკეთესო მეგობარი არის სიყვარული(ღმერთი). ასევე ყველა ის ადამიანი, ვინც ღვთიური სიყვარულის გამტარია.
სიყვარულთან(ღმერთთან) ერთად სისავსის განცდა გაქვს და აღარ იტანჯები.
წლობით მარტოც რომ ცხოვრობდე ახლობლებისგან მეგობრებისგან ფიზიკურად შორს, მაინც არ ხარ მარტო, რადგან ღმერთის თანდასწრებას გრძნობ სიყვარულის განცდასთან ერთად და ეს ინსპირაციის წყაროც ხდება, შემოქმედი ხდები, უფრო გაბედული და ნამდვილ მეომრულ, გმირულ ხასიათს ავლენ.
…და ბოლოს!
მეგობრებო, თქვენ უბრალოდ ვერ წარმოიდგენთ რამხელა ბედნიერება გხვდათ ოლმეკთან რომ მოხვდით.
იცნობდე ასეთ ადამიანს, თუნდაც შორიდან, მის პასუხებს ისმენდე, მისგან სწავლობდე რამხელა შანსია, ვფიქრობ უმეტესობა ჯერ ვერ აცნობიერებთ.
სათანადო ხარისხში ვერც მე ვაცნობიერებ რადგან ჩემი ძიება და პრაქტიკები შორს არის სრულყოფილებისგან, არ არის უწყვეტი და მუდმივი.
წლებია ვიცნობ ოლმეკს და ყოველ დღე მადლობას ვეუბნები უფალს ამისთვის. მისმა სწავლებამ მიმიყვანა ღმერთთან, რათა უკეთ შევიცნო საკუთარი თავი, თუ ვინ ვარ, აქ რატომ ვარ, სად წავალ და ა.შ.
სიყვარულმა, რომელიც ოლმეკისგანს ვისწავლე (მან კი იესოსგან), ადამიანების დახმარების სურვილი გამიჩინა, ჩუმად, უპირობოდ დახმარების სურვილი…
პატიების სურვილი და უნარი…
მიმღებლობა გაიზარდა და უფრო მარტივად ვპატიობ.
ამ ცოდნამ მომცა შესაძლებლობა ვიხსნა საკუთარი თავი და დავეხმარო ადამიანებს, დავეხმარო საკუთარ გვარს, დავეხმარო მათ ვისაც ჭირდება ნამდვილი ცოდნა.
უპირველესად, ცოდნა სიყვარულის ძლევამოსილების შესახებ.
მას შემდეგ რაც ოლმეკის პრაქტიკებს გავეცანი და დავიწყე გამოყენება, სხვა პრაქტიკებისკენ აღარც გამიხედავს იმდენად ნამდვილია, მძლავრია და ჩემია ეს ყველაფერი.
“ყველას შეუძლია ვინც მოინდომებს.”
– როცა ამას ოლმეკი მეუბნებოდა მიჭირდა დაჯერება რომ შემეძლო,
მაგრამ რაც მოვინდომე გამოჩნდა რომ თურმე მეც შემძლებია, მხოლოდ იმიტომ რომ მოვინდომე. დღეს უკვე ვიცი რომ უფრო მეტსაც შევძლებ, წინ კი დიდი გზაა გასავლელი…
უსაზღვროა ჩემი სიყვარული და მადლიერება უფლის მიმართ
ყველაფრის გამო რაც გამოვიარე, რაც მაქვს, რაც მსურდა და მივიღე სიყვარულის დახმარებით.
აქვე ჩემი თხოვნაა, თუ სიყვარულსა და მადლიერებას არ გამოხატავთ ოლმეკის მიმართ (ერთმანეთის მიმართ) ამ შეუფასებელი ცოდნის გაზიარებისთვის, სიბნელეს მაინც ნუ მისცემთ უფლებას იმეფოს თქვენზე, დაგჯაბნოთ და გათქმევინოთ ის რაც უფლისგან არ მოდის…
თუ მართლა გსურთ მეტი სისუფთავე და სინათლე თქვენში, ისწავლეთ სიყვარული, რათა შეეხოთ სულს და გაიგოთ რა არის სულიერება.
ოლმეკის წიგნები იკითხეთ, წაიკითხეთ ნელ-ნელა და გამოიყენეთ წაკითხული. მხოლოდ პრაქტიკული გამოცდილებაა ცოდნა.
დაუმეგობრდით სიყვარულს, ის მუდამ თქვენი ერთგული მეგობარი იქნება.
დისკუსია ამის შესახებ post